ზუგდიდის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, ზუგდიდი უნდა გახდეს ფეხით მოსიარულე და ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანების ქალაქი, – ამის შესახებ გენგეგმის კონცეფციის განხილვაზე მისმა ავტორებმა განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ახლა გვაქვს საკმაოდ განიერი ქუჩა, რომელსაც არაორგანიზებულად ითვისებს ავტოსადგომი. გვინდა ამ პარკინგის ტერიტორიის გამოყენება, რომ გაგანიერდეს საზოგადოებრივი ტროტუარი და მოეწყოს ფეხმავალთათვის საინტერესო ბულვარი, რომელიც იქნება უფრო დატვირთული კაფეებით, ბარებით“, – უთხრა ჟურნალისტებს საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა ანი მამულაშვილმა.
მისივე თქმით, ტროტუარები და ველობილიკები მას შემდეგ მოეწყობა, რაც მიწის ქვეშ ერთ სართულზე ავტოსადგომი გაკეთდება.
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პროექტის განხორციელება რეალურია.
„სივრცეები ბილიკების და ტროტუარების მოსაწყობად არის, უბრალოდ ამას უნდა სწორი დაგეგმვა და გარკვეული ინვესტიციების ჩადება. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის მოსარგებლეების და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი შენგელიამ.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გენერალური გეგმის მეორე ეტაპი წარადგინეს.
პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.