ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში და სოფლებში ცემსა და ჭობისხევში გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. გამგებლის განმარტებით, დაბა წაღვერში ასფალტის საფარი ფიროსმანისა და თამარ მეფის ქუჩებზე დაიგება, არმირებული ბეტონი კი სოფელ ჭობისხევში და სოფელ ცემში მოეწყობა. გზის დაგება ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ დასახლებებში გზის საფარი არასოდეს ყოფილა, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ.
ამჟამად ობიექტებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებისათვის 524 177 ლარი გაიხარჯება და მისი დასრულება ოქტომბრის თვეში მოხდება.