აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო

701

შემდეგი სტატია

მესტიის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2017-2018 წლების შემოსულობებმა − 26,394.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 24,307.8 ათასი ლარი შეადგინა.

“2017 წელს გადასახდელების გეგმის საკასო შესრულება 78%-ია. დაგეგმილ პარამეტრებს არ შეესაბამება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის მაჩვენებელი. კერძოდ, ბიუჯეტით განსაზღვრული 7,331.2 ათასი ლარის ნაცვლად, წლის განმავლობაში დახარჯულია 5,683.2 ათასი ლარი – გეგმის 78%. 2017 წელს განსაკუთრებით დაბალია „ვალდებულებების კლების“ მუხლის შესრულება – 10%, რაც, ძირითადად, არასწორი დაგეგმვის შედეგია.

2018 წელს გადასახდელების გეგმა შესრულდა 67%-ით. რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2018 წელს შესრულება მხოლოდ 43%-ია და 9,052.6 ათასი ლარის ნაცვლად დახარჯულია 3,886.7 ათასი ლარი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები”, – წერია ანგარიშში

კერძოდ, აუდიტის ცნობით, დაგვიანდა საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების, ხიდების, გზების, სტიქიით დაზიანებული და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1:

ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2,965.4 ათასი ლარი.

“2017 წლისათვის დაიგეგმა 2,965.1 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1,539.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 4,505.3 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 1,102.3 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 4,505.1 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 546.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 5,051.6 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 255.8 ათასი ლარი თავისუფალი
ნაშთია. 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე ნაშთად ირიცხებოდა აუთვისებელი თანხები 334.8 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც 2010-2014 წლებში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ”, – აღნიშნულია აუდიტში.

აუდიტი იტყბინება, რომ მუნიციპალიტეტმა ორივე წლისათვის დაგეგმა აღნიშნული თანხების ხარჯვა, თუმცა ნაშთი არ შემცირებულა. მუნიციპალიტეტმა, ასევე, ვერ შეძლო 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების დროული ათვისება და 2018 წლის პირველი იანვრისათვის ნაშთად ერიცხებოდა 50.7 ათასი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება.

აუდიტის დასკვნით, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. შედეგად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ პროდუქტებით, რაც შესაძლოა მიწოდებულ იქნეს ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების დროული და ეფექტიანი გამოყენებით.

“ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.