გადავადებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯარიმები, რომლებიც მესტიის მერიამ კომპანიებს არ დაუწესა, – საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, სადაც წერია რომ მესტიის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გაფორმებული 74 ხელშეკრულებიდან, ობიექტების მიწოდების ვადები გაზრდილია 30 ხელშეკრულებისათვის, რომელთა ჯამური ღირებულება 7,341.7 ათას ლარს შეადგენს (ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების 65%).
აუდიტის ცნობით, მიწოდების დროის მინიმალური ზრდა – 24, ხოლო მაქსიმალური ზრდა − 649 დღეა, მათ შორის, 5 ხელშეკრულებისათვის ვადა გაზრდილია ერთ წელზე მეტი პერიოდით. ამასთან, 30 შემთხვევიდან, 16 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლებმა ვერც გაზრდილ ვადებში შეძლეს სამუშაოების დასრულება.
როგორც აუდიტი წერს, ვადების ცვლილებების მიზეზებად, ძირითადად, დასახელებულია სახარჯთაღრიცხვო ხარვეზები, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და მდინარეების ადიდება.
“მოსალოდნელი რთული კლიმატური პირობებისა და საშუალო სტატისტიკური ნალექიანი ამინდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ცნობილი იყო როგორც შემსყიდველის, ასევე, მიმწოდებლისათვის. ამდენად, ეს ფაქტი არ უნდა გამხდარიყო ცვლილების საფუძველი. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, შესასრულებელი სამუშაოების არაარსებითი ცვლილება გამოყენებულია ვადების მნიშვნელოვანი გაზრდისათვის. შესაბამისად, მიმწოდებლებისათვის სამუშაოების დასრულების ვადები, ძირითადად, გაზრდილია დაუსაბუთებლად, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მიმწოდებლის დაჯარიმება”, – წერია აუდიტში.
მაგალითად: ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 22 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმა შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“, ღირებულებით − 377.8 ათასი ლარი. სამუშაოების დასრულება განსაზღვრული იყო 2019 წლის 20 თებერვლისათვის. თუმცა, შპს „ნევ სტაილ ბილდინგმა“ სამუშაოები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ დაასრულა. მუნიციპალიტეტმა კომპანიას მიწოდების ვადა ორჯერ გაუხანგრძლივა (2019 წლის 15 სექტემბრამდე). ვადის ცვლილების მოტივად კი მითითებულია დამატებითი სამუშაოები და ზამთრის პერიოდში შეფერხება. ამასთანავე, ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტებით დამატებით შესასრულებელი სამუშაოები არ განსაზღვრულა და ხელშეკრულების ღირებულება არ გაზრდილა.
აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის ივლისში რამდენჯერმე დაათვალიერა საბავშვო ბაღის
მშენებლობის პროცესი.
“შედეგად დადგინდა, რომ დათვალიერების მომენტისათვის მიმწოდებელი ობიექტზე არ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ამდენად, სამუშაოები ფაქტობრივად შეფერხებულია მიმწოდებლის მიზეზით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადის გაზრდისათვის გამოიყენა სუბიექტური და დაუსაბუთებელი გარემოებები და არ დააჯარიმა მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული საწყისი ვადის დარღვევისათვის”, – ვკითხულობთ აუდიტში.
გადა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, დათვალიერების მომენტში არ მიმდინარეობდა 2018 წელს ტენდერის საშუალებით შესყიდული ლატალის ტერიტორიულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, ღირებულებით − 360.0 ათასი ლარი.
“ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 22 იანვარს, რომლის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 22 ივლისი. აუდიტის მიმდინარეობისას მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 177.6 ათასი ლარის სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებსაც აწარმოებდა იგივე მიმწოდებელი – შპს „ნევ სტაილ ბილდინგი“.
ახალი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მუნიციპალიტეტისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ მიმწოდებელი ვერ ასრულებდა წინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ცხუმარის ბაღის აშენების ვალდებულებას. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი ლატალის ბაღის მშენებლობის პროცესზე და არ მიიღო გადაწყვეტილება მიმწოდებლის დაჯარიმების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”, – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშით, ხარვეზი, შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადების ცვლილებების შესახებ, ატარებს სისტემურ ხასიათს.
“სხვა ხელშეკრულებების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მოქმედებდა ანალოგიურად და ცვლილებებს ძირითადად ახორციელებდა სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. არ იყენებდა საჯარიმო სანქციებს, არ წყვეტდა ხელშეკრულებებს და არ ატარებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე ანგარიშით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადების დაუსაბუთებელი, არაობიექტური ზრდა და საჯარიმო სანქციის გაუვრცელებლობა წარმოშობს რისკს, რომ მიმწოდებლები გარანტირებულად მიიჩნევდნენ მოსალოდნელ სახელშეკრულებო ცვლილებებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა სხვა პრეტენდენტებთან შედარებით.
აუდიტის ცნობით, ეს რისკი დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებით, კერძოდ: სოფელ ვიჩნაშისა და სოფელ დავბერის, ასევე, სოფელ ადიშისა და სოფელ ბოგრეშის ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 20 სექტემბერს ხელშეკრულებები გააფორმა შპს „კოშკთან“, ჯამური ღირებულებით − 237.6 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 20 ნოემბერს.
“2017 წლის 29 სექტემბერს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 დღის შემდეგ, შპს „კოშკმა“ ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „სუბარ კომპანი“. შეთანხმების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ივლისი. აღნიშნული პერიოდი 313 დღით აღემატება შპს „კოშკისათვის“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადას. სავარაუდოდ, შპს „კოშკს“ მუნიციპალიტეტისაგან ჰქონდა მიწოდების ვადის გაზრდის გარანტია, რაც დადასტურდა კიდეც: 2017 წლის 30 ოქტომბერს, არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილების მოტივით, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მომსახურების მიწოდების ვადა 2018 წლის 15 ივლისამდე გაზარდა”, – წერია აუდიტში.
აუდიტის ინფორმაციით, საბოლოოდ, ხელშეკრულებების ცვლილებების საფუძველზე, სოფელ ადიშისა და სოფელ ბოგრეშის ხიდების რეკონსტრუქციის ვადა გადაიწია 2018 წლის 30 ნოემბრამდე (375 დღით), ხოლო სოფელ ვიჩნაშისა და სოფელ დავბერის ხიდების – 2019 წლის 30 აგვისტომდე (648 დღით).
აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის ივლისში ადგილზე დაათვალიერა ობიექტები. სოფელ ვიჩნაშში შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი და ობიექტზე მშენებლობა არ მიმდინარეობდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. მიწოდების ვადები, ძირითად შემთხვევებში, გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. მუნიციპალიტეტს სუბიექტური ფაქტორების გამო არ უნდა გაეზარდა სამუშაოების მიწოდების ვადა და მიმწოდებლებზე გაევრცელებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.
აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი და პირობა, რომელმაც, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს სამუშაოების დროულ დასრულებაზე;
“მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს დასაბუთებული გარემოებებით და გაითვალისწინოს ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა. სხვა შემთხვევაში, ვადებისა და პირობების დარღვევისათვის, გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების შესრულების რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ ხარჯვას. გარდა ამისა, დროულად მიიღება ის პროდუქტი, რომელიც განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – წერია რეკომენდაციაში.
2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 74 სამშენებლო სამუშაოდან, 31 ხელშეკრულებისათვის მიმწოდებლებმა ვერ შეძლეს სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო სამუშაოების დაგვიანებისათვის გამოეყენებინა საჯარიმო სანქციები. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა პირგასამტეხლოს დარიცხვის მდგომარეობა და გამოვლინდა, რომ 31 დან 15 ხელშეკრულებისათვის ვადების დარღვევის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს საჯარიმო სანქცია არ გამოუყენებია. სამუშაოების ვადაგადაცილება 59 დღემდე მერყეობს და მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს ჯამური თანხა კი 23.0 ათას ლარს შეადგენს.
ვადების დარღვევით შესრულებულ სამუშაოებზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს საჯარიმო სანქცია გაანგარიშებული აქვთ მხოლოდ 16 ხელშეკრულებისათვის, 29.3 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის, ორი ხელშეკრულების ფარგლებში საჯარიმო თანხები დარიცხულია 12.2 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით.
გარდა ამისა, მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს კუთვნილი თანხების ამოსაღებად.
კერძოდ, აუდიტის ცნობით, 2017-2018 წლებში დარიცხული 29.3 ათასი ლარის საჯარიმო სანქციებიდან, გადახდილია სულ 9.5 ათასი ლარის ჯარიმა, 4 ხელშეკრულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტს აფორმებდა და ანგარიშსწორებას ახდენდა მიმწოდებლის მიერ საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების გარეშე.
“კუთვნილი საჯარიმო თანხების მისაღებად, მესტიის მუნიციპალიტეტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ წერილობითი მიმართვით, რაც ვერ უზრუნველყოფდა საჯარიმო თანხების სრულად მიღებას. ჯარიმის გადაუხდელობის ანუ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მიემართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმწოდებლების შავ სიაში შესაყვანად, რაც არ გაუკეთებია.
ასევე, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია არც სხვა სამართლებრივი ღონისძიებები საჯარიმო თანხების მისაღებად. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა მიმწოდებელთან, რომელსაც გადაუხდელი ჰქონდა წინა ხელშეკრულებების ფარგლებში დარიცხული საჯარიმო სანქციები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხელშეკრულებების შესრულების პროცესში მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევების სრულად გამოვლენა და საჯარიმო სანქციების სწორად გაანგარიშება. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებით მიიღებდა, დაახლოებით, 35 ათასი ლარის შემოსავალს.