აუდიტი: სიღნაღის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 133 500 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

840

წინა სტატია

სიღნაღის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 133 500 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 133.5 ათას ლარი. საკრებულოს  დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 397 ლარი.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის
პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

“შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი”, – ნათქვამია აუდიტში.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურებული
ხარჯების შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია სიღნაღის
მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 133.5 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

“მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულად შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.