საია აბაზოვზე: ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სითხე, რომლის წასმა მოქალაქეს აიძულეს, შარდი იყო

940

წინა სტატია

თემურ აბაზოვის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის ადვოკატის, საიას წარმომადგენლის, ეკა მიდოდაშვილის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებულს სახეზე ნამდვილად შარდის წასმა აიძულეს და არა ლუდის.

ასე ეხმაურება საია არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ელჩინ ალახვერდიევმა სახეზე არა შარდი, არამედ ლუდი წაისვა.

მიდოდაშვილის განმარტებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად თითის ანაბეჭდების ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ბიოლოგიური მასალა, შარდი დადასტურებულია. აღნიშნული დასკვნა კი სასამართლოში მტკიცებულების სახითაც იყო წარდგენილი.

“ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდები უვარგისი იყო და არ დადგინდა, ბიოლოგიური მასალა, შარდი, დადასტურებულია ექსპერტიზის პასუხით, რომელიც საქმეში დევს”, – გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა საია-ს იურისტმა, ეკა მიდოდაშვილმა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მოქალაქის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მარნეულის ყოფილი მერის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის მძიმე და ის დიდ სტრესში იმყოფება:

“ის არის ძალიან დიდ სტრესში, განიცდის. არ ეგონა, რომ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და დამარცხებულად მიაჩნია თავი, ფიქრობს, რომ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა. პროკურატურამ მას მოუსპო საშუალება დაეცვა თავისი ღირსება და ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეიძლება დაისაჯოს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული”, – ამბობს ეკა მიდოდაშვილი.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირი, რომელსაც სახეზე მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის საკუთარი შარდის წასმა აიძულა, დაინტერესებული ან გამოყენებული პირია, ჭიქაში კი, მისი მტკიცებით, ლუდი იყო.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. აბაზოვი 13 ივნისს  დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას ბრალი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის – პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.