საბიუჯეტო სახსრების ათვისების მაჩვენებელი დინამიკაში წლიდან წლამდე უარესდება, რაც მმართველობითი გადაწყვეტილებების არაეფექტიანობაზე მიანიშნებს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით 2,877.6 ათასი ლარი ერიცხებოდა, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით 2,043.4 ათასი ლარის ხარჯვა დაიგეგმა, ხოლო დანარჩენი თანხა − 834.2 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს წლის განმავლობაში ანგარიშზე ერიცხებოდა.
აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამი მტკიცებულებები, რატომ არ დაგეგმა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული თანხების ხარჯვა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების კლებამ 660.5 ათასი ლარი შეადგინა და წლის ბოლოს ნაშთი 2,217.1 ათასი ლარი (მთლიანი გადასახდელების 24%) დაფიქსირდა, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი − 1,612.7 ათასი ლარი, რაც ქონების გადასახადის სახით მიღებული დაუგეგმავი შემოსავლებითა და ტენდერებში მიღებული ეკონომიით არის განპირობებული.
“აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის შედეგად ფულადი სახსრები გროვდება წლის განმავლობაში, შესაბამისად, მერიას შეეძლო ამ თანხებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, 2018 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა 2,129.9 ათასი ლარის ნაშთის გამოყენება დაგეგმა. თუმცა, არსებული ნაშთიდან არ დაგეგმილა 87.2 ათასი ლარის ხარჯვა.
“ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ შეადგინა 815.8 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს არსებულმა ნაშთმა − 3,032.9 ათასი ლარი (მთლიანი გადასახდელების 29%), მათ შორის, 840.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
2018 წლის თავისუფალი ნაშთი ძირითადად მოიცავს ტენდერებიდან მიღებულ ეკონომიებს. როგორც მონაცემებიდან ჩანს, საბიუჯეტო სახსრების ათვისების მაჩვენებელი დინამიკაში წლიდან
წლამდე უარესდება, რაც მმართველობითი გადაწყვეტილებების არაეფექტიანობაზე მიანიშნებს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს შეეძლო 2017-2018 წლებში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენების სათანადო დაგეგმვა, რაც არ განუხორციელებია. 2017-2018 წლების ბოლოს მერიას აუთვისებელი დარჩა მნიშვნელოვანი მოცულობის თანხები, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის სამსახური მოუწოდებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, დროულად დაგეგმოს მიღებული შემოსულობების და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ხარჯვა.
“აღნიშნული ფინანსური რესურსი მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის განსახორციელებლად, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობისათვის მიწოდებულ მუნიციპალურ სერვისებს”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.