სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქვემო მაჩხაანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„პროექტის განხორციელებას სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უშლიდა, როგორც სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.
ზემოაღნიშნული გზა, წლების განმავლობაში, ამორტიზებული იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე, ტერიტორიას მიმზიდველს გახდის ინვესტიციების განხორციელების კუთხით,“ – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 888 220 ლარია. სამუშაოები 4100 მეტრ მანძილზე სანიაღვრე არხისა და გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.