სიღნაღის მუნიციპალიტეტი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესებს, რიგ შემთხვევაში არაობიექტური მიზეზებით ახანგრძლივებს. შემდეგ მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვების გამარტივებული ფორმით განხორციელების ნებართვის მისაღებად. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნული ნებართვის მისაღებად პროცესებს შეგნებულად ახანგრძლივებს, რასაც სისტემური ხასიათი გააჩნია, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივნისში სიღნაღის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დააზიანა სოფ. ანაგაში სასმელი წყლის შემკრები ავზები და მაგისტრალური მილსადენი. მერიის განმარტებით, შექმნილი იყო უმძიმესი მდგომარეობა, მოსახლეობას არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი, ხოლო საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს (სკოლა, ბაღი და სხვ.) წყალი მიეწოდებოდათ შეფერხებით. ობიექტის აღდგენისათვის, საწყის ეტაპზე საჭირო იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა. აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს მერიამ მიმართა სააგენტოს,10 გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ნება დაერთო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია შეეძინათ გამარტივებული შესყიდვის ფორმით. სააგენტომ გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და მიიღო დადებითი
გადაწყვეტილება.
“მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულება გააფორმა შპს “გამა კონსალტინგთან“, ღირებულებით − 7.2 ათასი ლარი, რომლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 10 სექტემბრამდე. თუმცა მერიის მოთხოვნით პროექტში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, დაემატა სადაწნეო კოშკი 2 რეზერვუარით და საქლორატორო. შესაბამისად, გადაიწია მოწოდების ვადაც და სამუშაოები დასრულდა 4
ოქტომბერს, ხოლო პროექტზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცა 15 ნოემბერს (პროექტის მიღებიდან 42 დღის შემდეგ). ამდენად, საპროექტო დოკუმენტაციის შეძენის პროცესი გაგრძელდა 87 დღე. სოფ. ანაგაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაძენად, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 26 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 2018 წლის 21 დეკემბერს შეწყდა (გამოცხადებიდან 25 დღის შემდეგ). კომისიის მსჯელობით, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრული 180 დღიანი ვადა, რაც მათივე მოსაზრებით, ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, არ იყო საკმარისი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, შემსყიდველ ორგანიზაციას აღნიშნული მიზეზის გათვალისწინება შეეძლო თავიდანვე, დაგეგმვის პროცესში, რაც არ განუხორციელებია.
“2018 წლის 21 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა კვლავ მიმართა სააგენტოს, ნება დაერთო აღნიშნული სამუშაოები შეესყიდათ გამარტივებული ფორმით. არგუმენტად მოყვანილია ის გარემოება, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად თანხები გამოყოფილია 2018 წლის ბიუჯეტით და წლის დასრულებამდე აუცილებელი იყო მისი ათვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფ. ანაგის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩებოდა. სააგენტომ გაიზიარა მუნიციპალიტეტის თხოვნა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება”, წერია აუდიტში.
როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, სატენდერო კომისიასა და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს თავიდანვე შეეძლოთ სწორად დაეგეგმათ როგორც დასაპროექტებელი კომპონენტები, ასევე, სამუშაოს მიწოდების ვადები, რაც არ გაკეთდა. შედეგად, აუდიტის ანგარიშის მიხედით, არსებობს რისკი, რომ პროცესი შეგნებულად გაჭიანურდა, რათა სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვით. გარდა ამისა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხა გამოიყო 1 აგვისტოს, თუმცა მუნიციპალიტეტმა 26 ნოემბრამდე ვერ უზრუნველყო ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე, ტენდერი შეწყდა და შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის გზით. სატენდერო კომისიის არგუმენტები შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელებასთან დაკავშირებით, არ არის მისაღები, ვინაიდან მიზეზების
გათვალისწინება თავიდანვე იყო შესაძლებელი.
გარდა ამისა, 2018 წლის 27 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სოფ. ანაგაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, ხელშეკრულება გააფორმა შპს „ბურჯი+“-სთან,13 ღირებულებით − 350.1 ათასი ლარი. მიწოდების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 აგვისტო. ხოლო 2019 წლის 17 მაისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 35.0 ათასი ლარით (ჯამურად − 385.1 ათასი ლარი) და სამუშაოების დასრულების ვადად − 2019 წლის 30 ნოემბერი.
აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები სამუშაოების ღირებულების 35.0 ათასი ლარით (10%) გაზრდის გამო, რატომ გახდა აუცილებელი ვადის გაგრძელება 91 დღით.
“გამარტივებული ფორმით შესყიდვისას, შესრულების ვადას დაემატა 67 დღე და ჯამურად შეადგინა 247 დღე. მუნიციპალიტეტს შეეძლო ვადის გაზრდისა და გამარტივებული ფორმით შესყიდვის ნაცვლად, გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და დამატებული 67 დღე გამოეყენებინა ტენდერის განსახორციელებლად. შედეგად, შესყიდვა წარიმართებოდა გამჭვირვალედ, კონკურენტულ გარემოში და მუნიციპალიტეტი სავარაუდოდ მიიღებდა ეკონომიას”, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, აღნიშნული გარემოება ამყარებს რისკს, რომ შესყიდვის პროცესის გაჭიანურება განხორციელებული იყო სამუშაოების, ტენდერის ფორმით შესყიდვის გვერდის ავლის მიზნით.
“ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხის გამოყოფიდან გასულია 15 თვეზე მეტი, თუმცა სამუშაოები დაუსრულებელია”, – წერს აუდიტი.
გამოვლენილი გარემოება 2.
აუდიტის ცნობით, 2018 წლის 29 და 31 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2 ტენდერი გამოაცხადა, რომლებიც არ შედგა, რადგან პრეტენდენტებმა არ მიიღეს მონაწილეობა. ხარჯთაღრიცხვების მიხედვით, სარეაბილიტაციო გზების ორივე მონაკვეთზე სამუშაოები მოიცავდა გზის ნაწილზე ასფალტის, ხოლო ნაწილზე − ბეტონის საფარის მოწყობას.
“აღსანიშნავია, რომ გზის, როგორც ასფალტის, ასევე, ბეტონის საფარით მოწყობა მოიცავს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუმცა ორივე სახეობა თავისი არსით განსხვავდება ერთმანეთისგან და განეკუთვნება სხვადასხვა პროფილს. შესაბამისად, აღნიშნულ სამუშაოებს არსებული პრაქტიკით ახორციელებენ სხვადასხვა შემსრულებლები, ვინაიდან საჭიროებენ შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სპეციალისტებს, გამოცდილებასა და სხვა აუცილებელ მონაცემებს”, – წერს აუდიტი.
2018 წლის 7 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა ხელახლა გამოაცხადა 2 ტენდერი, რომლის მიხედვითცალ-ცალკე დაჯგუფდა აღნიშნული გზების ასფალტისა და ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
2018 წლის 21 დეკემბერს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტენდერები შეწყდა, იმ მიზეზით, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში (120 დღე) სამშენებლო ორგანიზაციები ზამთრის პერიოდში ვერ შეძლებდნენ სამუშაოების შესრულებას.
“აღსანიშნავია, რომ ტენდერები გამოცხადდა 7 დეკემბერს, შესაბამისად, როგორც სატენდერო კომისიისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურებისათვის ცნობილი იყო, რომ სამუშაოების წარმოება ემთხვეოდა ზამთრის პერიოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესრულების ვადები უნდა დაგეგმილიყო შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით, რაც არ განხორციელებულა. შედეგად, არსებობს რისკი, რომ პროცესი შეგნებულად გაჭიანურდა, რათა სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულიყო გამარტივებული ფორმით”, – ნათქვამია ანგარიშში.
2018 წლის 21 დეკემბერს მერიამ მიმართა სააგენტოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის მიზნით ნებართვის მისაღებად. აუდიტიც ცნობით, არგუმენტად მოყვანილია არშემდგარი ტენდერები, ასევე, გზების სარეაბილიტაციოდ განკუთვნილი თანხების 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფა, რომლის აუთვისებლობის შემთხვევაში, ვერ შეძლებდნენ ეს თანხები 2019 წელს გამოეყენებინათ.
“2018 წლის 26 დეკემბერს სააგენტომ ნება დართო მუნიციპალიტეტს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესყიდათ გამარტივებული შესყიდვის ფორმით. შედეგად, 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ. სიღნაღში ბეჟანიშვილის ქუჩისა და სოფ. ნუკრიანში მარტაანის უბნის ბეტონის საფარით მოწყობის მიზნით ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „სამშენებლო კომპანია თი ენ სის“, ღირებულებით − 109.6 ათასი ლარი, ხოლო იმავე ქუჩებზე ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოებზე 27 დეკემბერს ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „გუმბათს“, ღირებულებით − 88.1 ათასი ლარი”, – ვკითხულობთ აუდიტში.
აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის 7 ოქტომბერს ვიზუალურად დაათვალიერა აღნიშნული ობიექტები, შედეგად გამოვლინდა, რომ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, კერძოდ, აღენიშნება მრავლობითი ბზარები.
“შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“. რომელმაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან”, – ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი ექსპლოატაციაში შესვლიდან მალევე დაზიანდა. ამასთანავე, ობიექტს გააჩნდა 2-წლიანი საგარანტიო მექანიზმი, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ბერკეტი არ გამოუყენებია და არც საექსპერტო კომპანიისათვის მიუმართავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
გამოვლენილი გარემოება 3.
2018 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ორჯერ გამოაცხადა ტენდერი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 20 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ღირებულებით 61.5 ათასი ლარი. აღნიშნული ტენდერები არ შედგა, რადგან პრეტენდენტებმა არ მიიღეს მონაწილეობა.
“2018 წლის 15 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა მიმართა სააგენტოს, აღნიშნული შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელებაზე ნებართვის მიღების მიზნით. მერიის მიერ არგუმენტად მოყვანილია, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო წელი იწყებოდა 17 სექტემბერს, შესაბამისად, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, პროცესი დროში გაგრძელდებოდა და აღნიშნული თარიღისათვის ვერ მოესწრებოდა სამუშაოების დასრულება. სააგენტომ მისაღებად ჩათვალა დაფიქსირებული მოსაზრება და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოდინარე, 2018 წლის 21 აგვისტოს დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა. მერიამ სამუშაოების შესასრულებლად ამ შემთხვევაში ხელშეკრულებები გააფორმა მიმწოდებელთან.
მონაცემები გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში
აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, ტენდერები არ შედგა იმის გამო, რომ სარეაბილიტაციო საბავშვო ბაღები განლაგებულია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რაც ერთი მიმწოდებლისათვის, სავარაუდოდ, წარმოადგენდა რთულად განსახორციელებელ პროექტს.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის შესაბამის სამსახურებს შეეძლოთ ამ ფაქტორის გათვალისწინება და პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ შესყიდვა განხორციელებულიყო რამდენიმე ტენდერის საშუალებით, რითაც პროცესი წარიმართებოდა გამჭვირვალედ. ამასთანავე, ვაჭრობის შედეგად, სავარაუდოდ, დაიზოგებოდა საბიუჯეტო თანხები”, – წერს აუდიტი.
გამოვლენილი გარემოება 4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 21-22 ივლისს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ზარალის აღმრიცხველი კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციული ერთეულის შიდა გზებს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოსმთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის განკარგულებით, გამოიყო 500.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა, დაზიანებული გზების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, 2018 წლის 19 ოქტომბერს მიმართა შპს „პროჯექტ კომპანის“ (სტიქიიდან 87 დღის შემდეგ).
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შპს „პროჯექტ კომპანიმ“ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 16 ნოემბერს.
“2018 წლის 16 ნოემბერს მუნიციპალიტეტმა მიმართა სააგენტოს, გზების სარეაბილიტაციო (მოხრეშვა) სამუშაოების, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვის გამარტივებული ფორმით ნებართვის მისაღებად. მერიის განმარტებით, შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა საზოგადოებრივ ინტერესებს, საფრთხე ექმნებოდა მოსახლეობას, ვინაიდან დაზიანებულ გზებზე შეფერხებული იყო გადაადგილება. ასევე, კლიმატური პირობების გაუარესება შეუძლებელს გახდიდა სამუშაოების წარმოებას და საჭირო გახდებოდა ვადის გადაწევა”, – ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
“აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტს თანხა გამოეყო 7 სექტემბერს, ხოლო საპროექტო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გააფორმა 42 დღის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი სწორად დაგეგმავდა და დროულად გააფორმებდა ხელშეკრულებას საპროექტო ორგანიზაციასთასთან, შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულიყო ტენდერის გზით. შედეგად, გზების რეაბილიტაციის დაწყება დაგვიანდა და ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან დაკავშირებით, კლიმატური პირობების გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული ფორმით.
მუნიციპალიტეტმა საგზაო სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულებები გააფორმა 4
მიმწოდებელთან, საერთო ღირებულებით − 476.3 ათასი ლარი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში.
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების შესასრულებლად მიმწოდებლების მიერ გამოყენებულია 32 400 კუბ.მ ინერტული მასალა (ქვიშახრეშოვანი ნარევი), რომელიც მიმწოდებლებმა მოიპოვეს მუნიციპალიტეტის მიერ მითითებული ბუნებრივი კარიერებიდან.აღსანიშნავია, რომ მერიას არ ჰქონდა სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. გარდა ამისა, რისკის შემცველია, ნამდვილად შეიტანეს თუ არა მიმწოდებლებმა 32 400 კუბ.მ ინერტული მასალა ობიექტებზე, ვინაიდან მასალის ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 15 371 კუბ.მ-ზე.
“შედეგად, არსებობს რისკი, რომ პასუხისმგებელ პირებს ჩაბარებული აქვთ იმაზე მეტი მოცულობის სამუშაო, ვიდრე ფაქტობრივად შესრულდა”, – წერს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტმა წყლის სისტემის, საგზაო სამუშაოების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (საერთო ღირებულებით − 1,127.8 ათასი ლარი) შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ თავი აარიდა ელექტრონულ ტენდერებს და მათი შესყიდვა განახორციელა გამარტივებული შესყიდვით, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით. შედეგად, აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
“ამრიგად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, პრეტენდენტთა მიმართ პროპორციული მიდგომა და შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა. ამასთანავე, გზების მოხრეშვით სამუშაოებზე არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტმა აანაზღაურა იმაზე მეტი სამუშაოს ღირებულება, ვიდრე შეასრულეს მიმწოდებლებმა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის მიხედვით, გარდა აღნიშნულისა, მიმწოდებლებს შესრულებული სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურდათ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას.