ახალციხის მუნციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტში აქტივობები 2020-2023 წლებზეა გაწერილი. მასში ურნებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენასთან, ასევე ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის წარმოებასთან ერთად, საუბარია მოსაკრებელზეც, რომლის ამოღების მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მცირე ზომის ურნების შეძენა-დამონტაჟება, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, ნარჩენების შეგროვებისთვის შესაბამისი სპეც. ტექნიკის შეძენა, ასევე სოციალური რეკლამის მომზადება და თანამშრომლების დატრენინგება – ეს აქტივობები ნარჩენების მართვის გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის დეკემბერში გავიდა და მას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
„სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გვაქვს ურნების შეძენა და დამონტაჟება. დიდი ზომის კონტეინერები შევიძინეთ და დავდგით, შესწავლის შესაბამისად კიდევ დავამატებთ. ასევე ერთ-ერთი საკითხია სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, მერის წარმომადეგნლების მეშვეობით ვიგებთ ამაზე ინფორმაციას და ამის მიხედვით ვაწვდით კონტრაქტორ კომპანიებს. ისინი მუშობენ ამასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს“, – განაცხადა სხდომაზე ახალციხის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა.
მისივე თქმით, 2020 წლისთვის იგეგმება სპეციალური ტექნიკის შეძენაც, მათ შორის, ქუჩის სარწყავი მანქანის. ამისთვის თანხა 850 000 ლარია განსაზღვრული. დაფინანსებისთვის, მუნიციპალიტეტი დონორის მოძიების პროცესშია.
ასევე დონორის დახმარებით უნდათ, დამგველი მანქანისა (800 000 ლარი) და ნარჩენების შეგროვებისთვის შესაბამისი ტექნიკის (110 000 ლარი) შეძენა.
გეგმაში შედის ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი ბუნკერების დადგმა ქალაქ ვალეში, ახალციხის სკვერსა და გარკვეულ საბავშო ბაღებში.
ხუთწლიანი გეგმა ასევე მოიცავს ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსაკრებლის ამოქმედებასაც. თუმცა 2020 წლისთვის მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ იგეგმება.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგვის გადასახადის ქვითრები წელიწადში ერთხელ რიგდება და ზედ აბონენტის ნომერიც დატანილია. შესაბამისად, ადგილობრივები ნაგვის მოსაკრებელს, როგორც სოფლების, ასევე ქალაქის მასშტაბით ამ სისტემით იხდიან. თუმცა გადასახადის ამოღების მაჩვენებელი დაბალია, რადგან იგი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეული არ არის.
„ათასმა ადამიანმა რომ არ გადაიხადოს, სარჩელს ვერ შეიტან სასამართლოში, ფიზიკურად შეუძლებელია. ეს უფრო სოციალური პასუხისმგებლობის თემაა, რომ მოსახლეობამ გაითავისოს და გადაიხადოს. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში არის ამოღება ძალიან დაბალი. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შემუშავება“, – ამბობს ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე.
ამ ეტაპზე მოსახლეობა თანხას სულადობის მიხედვით იხდის, ერთ სულზე 0.50 თეთრს, მაქსიმალური თანხა კი ორი ლარია.
რაც შეეხება ნარჩენების შეგროვებასა და გატანას, მუნიციპალიტეტმა მომსახურების უზრუნველყოფისთვის ტენდერი 1 124 943 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს „კეთილმოწყობამ“ მიიღო.