აუდიტის სამსახური ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში გაბერილ შტატებზე მიუთითებს

727

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის და შტატის არსებობა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამასთან, აუდიტის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.

ამავე ანგარიშით ირკვევა რომ, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 33.4%-ს სუბსიდია შეადგენდა. სუბსიდიით დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები და შპს, რომელთა ხარჯმა 10,663.4 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის: 2017 წელს − 5,082.7 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს − 5,580.7 ათასი ლარი. 2017 წელს ა(ა)იპ-ებსა და შპს-ში  ასაქმებული იყო 1148 პირი, ხოლო 2018 წელს − 1084 პირი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 10 ა(ა)იპ და ერთი შპს. ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ, 2018 წლის მარტიდან იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა 9-მდე, თუმცა დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები არ შეცვლილა. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემცირებას უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში.

მიუხედავად ამისა, აუდიტის ინფორმაციით, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე 498.0 ათასი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2017 წელს.

“აღნიშნული გარემოება წარმოშობს რისკს იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა საშტატო რიცხოვნობა მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან შედარებით, მაღალია, რასაც ადასტურებს აუდიტის შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ფაქტი.

საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის და მერიის სამსახურის ფუნქციები დუბლირებულია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი და ყოველდღიურად არ უწევთ სამსახურებრივი საქმიანობა”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

კერძოდ:

1. 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრის დაფინანსებაში დახარჯა 392.7 ათასი ლარი. ამ პერიოდში ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 21-შტატიანი და 12 შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი. ა(ა)იპ-ში ჩამოყალიბებულია 5 განყოფილება: საგარეო ეკონომიკური კავშირების; ინვესტიციების; მეწარმეობის განვითარების; სოფლის მეურნეობის განვითარების და ტურიზმის განყოფილება.

აღსანიშნავია, რომ მერიაში შექმნილია ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, სადაც გაერთიანებულია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება, ასევე, ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება.

“სამსახურის დებულებისა და ა(ა)იპ-ის წესდების შესწავლით დგინდება, რომ ფუნქციები დუბლირებულია. მერიამ ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება, როდესაც იმავე სამუშაოს შესრულება შესაძლებელია მერიაში შექმნილი სამსახურის მეშვეობით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

2. ა(ა)იპ − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ფუნქციონირებს: მხარეთმცოდნეობის; ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს; სპორტისა და თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმები. ქალაქ ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ფუნქციონირებს 1998 წლიდან. ის არის მრავალპროფილიანი და მასში ინახება სხვადასხვა ექსპონატი, ისტორიული წარსულის ამსახველი სპორტული და კულტურული ექსპოზიციების დედნები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს, სპორტისა და თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებიც მდებარეობს ქალაქ ლანჩხუთში, სხვადასხვა შენობაში. მათში ძირითადად წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა ექსპონატის და სურათის ასლები.

“აღნიშნულ სამ მუზეუმში დასაქმებულია 16 პირი, რომელთა ხელფასებზე 2017-2018 წლებში დაიხარჯა 98.7 ათასი ლარი. 3. 2018 წლის მარტიდან შეიქმნა ა(ა)იპ − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი. ამ ა(ა)იპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 14 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, რომელთა ხელფასებზე 2018 წელს დაიხარჯა 43.2 ათასი ლარი. საკითხის შესწავლით დგინდება, რომ აღნიშნული სპეციალისტები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი, რასაც ადასტურებს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობაც.

“მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ა(ა)იპ-ში ამ ატეგორიის სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება მაშინ, როდესაც შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე იმავე მოვალეობების შესასრულებლად დასაქმებული ჰყავთ შესაბამისი განყოფილების სპეციალისტები”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით,  ა(ა)იპ-სა და მერიის სამსახურს შორის ფუნქციები დუბლირებულია, ასევე, ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივეა, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული.

აუდიტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის და შტატის არსებობა. შედეგად, დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობის არაგონივრული ზრდა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა. შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.

აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი.

აუდიტის სამსახური მოუწოდებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

“აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.