3 თვის დაგვიანებით გაფორმებული ხელშეკრულება და არაეფექტურად გახარჯული 158.4 ათასი ლარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

767

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები ისე წარმართა, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის პროექტის განხორციელება ვერ მოასწრო, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის განთავსება დაგეგმა. აღნიშნულის თაობაზე, 2017 წლის 17 ივლისს მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომელმაც 2017 წლის 19 ივლისს თანხმობა მისცა. გამარტივებული შესყიდვის მოტივი იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, რადგან მდინარე სუფსის მიერ შავ ზღვაში შეტანილი დიდი ოდენობით ნარჩენები ხელს უშლიდა საკურორტო სეზონის ჩატარებას.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ თანხა 2017 წლის 24 ივლისს გამოყო, ხოლო მუნიციპალიტეტმა 3 თვის შემდეგ, 2017 წლის 18 ოქტომბერს ხელშეკრულება შპს „ზეტ ქონსთრაქშენს“ გაუფორმა, ღირებულებით 166.4 ათასი ლარი.

“ხელშეკრულებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 6 დეკემბერს, თუმცა მიმწოდებელმა დაარღვია შესრულების ვადები და საბოლოოდ პროექტი დაასრულა 2018 წლის 25 იანვარს. ლანჩხუთის მერიამ კი მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება − 158.4 ათასი ლარი”, – წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ობიექტი მოწყობიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც არ ფუნქციონირებდა.

“ამასთან, საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის − შპს „ზეტ ქონსთრაქშენის“ მიერ. აღნიშნული წარმოშობს რისკს იმისა, რომ პროექტი უხარისხოდ იყო შედგენილი, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებით. მოწყობილობა მიღება-ჩაბარებიდან 6 თვეში დაზიანდა. საგარანტიო პერიოდში, მერიამ მიმართა მიმწოდებელს დაზიანების გამოსასწორებლად. მიმწოდებლის მიერ დაზიანების აღმოფხვრის მიუხედავად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა კვლავ დაზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ღონისძიებები მერიას არ განუხორციელებია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, პროექტი უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის გზით შემჭიდროვებულ ვადებში, ვერ ჩაითვლება საკმარის და შესაფერის მტკიცებულებად. ვინაიდან მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის ვერ მოასწრო პროექტის განხორციელება, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი.

“აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი რწმუნება იმისა, თუ რამდენად აუცილებელი იყო გამარტივებული შესყიდვის გზით პროექტის შეძენა. მუნიციპალიტეტს შეეძლო აღნიშნული სამუშაოები შეესყიდა ტენდერის გზით. აღნიშნულით მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, 2018 წელს დასრულებული პროექტი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. ამდენად, მუნიციპალიტეტმა გასწია 158.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.

“აღნიშნული ხელს შეუწყობს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.