აუდიტის სამსახური ქობულეთის მერიის ა(ა)იპ-ებში გაბერილ შტატებზე მიუთითებს

696

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი და საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს, მის მიერ დაფუძნებული 12 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაში დახარჯა 7,796.5 ათასი ლარი. ა(ა)იპების ფუნქციონირებისათვის გადარიცხული თანხის 67% − 5,201.3 ათასი ლარი მოსამსახურეთა ხელფასებზე დაიხარჯა. საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ ზოგიერთ ა(ა)იპ-ში მოსამსახურეები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციები დუბლირებულია. კერძოდ:

  • ა(ა)იპ − ქობულეთის კულტურის ცენტრში 16 პირი დასაქმებულია 8 სოფლის კულტურის სახლებში, მათ შორის, 8 პირი დასაქმებულია კულტურის სახლების ხელმძღვანელ პოზიციებზე, ხოლო დანარჩენი − სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე ა(ა)იპ-ში, 20 პირი დასაქმებულია 13 სასოფლო კლუბში, მათ შორის, 13 პირი სასოფლო კლუბის ხელმძღვანელ პოზიციაზე, დანარჩენი − სხვადასხვა პოზიციაზე. სულ 36 პირის ხელფასებზე 123.9 ათასი ლარი დაიხარჯა. გამოვლინდა, რომ 3 სოფლის კულტურის სახლსა და 6 სასოფლო კლუბში საერთოდ არ არის რაიმე კულტურული და ახალგაზრდული წრე გახსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთი დასაქმებული პირი არ არის ფუქციურად დატვირთული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი სოფლის კულტურის სახლი და სასოფლო კლუბების შენობების უმეტესობა ამორტიზებულია. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი რწმუნება იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია ამორტიზებული შენობების გამოყენება სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად;
  • ა(ა)იპ − ქობულეთის სანდასუფთავებაში დასაქმებულია 14 მეველე და ერთი ცხოველთა მომვლელი. აღნიშნული 15 პირის შრომის ანაზღაურებაზე 2018 წელს 78.8 ათასი ლარი დაიხარჯა. აუდიტის ჯგუფმა მოითხოვა ინფორმაცია, უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის მფლობელების დაჯარიმების რაოდენობის შესახებ. ა(ა)იპ-ის მიერ მოწოდებული დოკუმენტური მტკიცებულებების თანახმად, პარკისა და ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის მფლობელის დაჯარიმების ფაქტი, 2017 წელს არ დაფიქსირებულა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ 14 შემთხვევა იყო. გარდა ამისა, ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 28 პირი − მობილური ჯგუფის წევრი , ხოლო 2 პირი დასაქმებულია მეველეების და მობილური ჯგუფების ზედამხედველად. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება იმისა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მეველეების არსებობა, როდესაც ამ ფუნქციის შეთავსება შეუძლიათ მობილური ჯგუფის წევრებს;
  • 2018 წელს მუნიციპალიტეტმა მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ −ქობულეთის პარკი“ დააფინანსა 255.5 ათასი ლარით. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 151.3 ათასი ლარი, აქედან ადმინისტრაციის ხელფასებზე − 29.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გარდა ადმინისტრაციული რგოლისა, ა(ა)იპ-ში დასაქმებული არიან მებაღეები, მეეზოვეები, ელექტრიკოს-მექანიკოსები და დარაჯები. ისინი უზრუნველყოფენ პარკის ფუნქციონირებასა და მოვლა-პატრონობას. აღსანიშნავია, რომ მსგავს სამუშაოებს ასრულებენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები და მერიის შესაბამისი სამსახურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ − ქობულეთის პარკის ფუნქციამოვალეობების შესრულება შესაძლებელია სხვა ა(ა)იპ-ებისა და მერიის სამსახურების მიერ, შესაბამისი რაოდენობის შრომითი რესურსის დამატებით.

აუდიტის დასკვნაა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ, ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა.

აუდიტის სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, რომ მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მდგომარეობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.