ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია საჭირო რაოდენობაზე 2,5-ჯერ მეტ მანქანას იყენებს, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილი რეკომენდაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტს 2018 წელს 7 მანქანა უნდა გამოეყენებინა, თუმცა 18-ს განკარგავდა.
„საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, 2018 წელს რეკომენდებული იყო 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბალანსო მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა 18 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სამორიგეო სატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში არსებული ავტომანქანების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას,“- წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში სულ 46 011 ლიტრი საწვავი დახარჯა, რაშიც 99,5 ათასი ლარი იყო გადახდილი.
„მუნიციპალიტეტში სატრასპორტო საშუალებებზე ლიმიტის ფარგლებში საწვავის ხარჯვა დადგენილია „აგაი“ სისტემის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები. გამოვლინდა, რომ 12 სატრანსპორტო საშუალებას მოხსნილი ჰქონდა „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანაში როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით.
წარმოდგენილი „აგაი“ სისტემის ამონაწერის შესწავლით გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას. მაგალითად: ერთ-ერთ ავტომანქანაში, 20-წუთიან ინტერვალში ჩასხმულია 188 ლიტრი საწვავი, როდესაც ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია და სხვა,“- წერია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და საწვავის ხარჯვის ლიმიტები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზირებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.