აუდიტი: ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით დარჩა 420 ათასი ლარი, მაშინ როდესაც ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას

612

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქობულეთის მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას,“ – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხარვეზები გამოვლინდა ქობულეთის მუნიციპლიტეტის ფინანსური რესურსების მართვაში და მერიამ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად განკარგა.

კონკრეტულად კი, საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით, 2018 წელს შემოსულობებმა − 32,250.7 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 32,497.8 ათასი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის შემოსულობების გეგმა შესრულდა 94.8%-ით. აღნიშნული განაპირობა გრანტების სახით მისაღები შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობამ (შესრულება − 92.6%). კერძოდ, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი. 2018 წლის გადასახდელების გეგმის შესრულების მაჩვენებელი 93.6%-ია. აღნიშნული ძირითადად გამოიწვია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის შეუსრულებლობამ − შესრულდა 91.1%-ით. ასევე: „საქონელი და მომსახურების“ მუხლის გეგმა შესრულდა 96.4%-ით.

აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მუნიციპალიტეტმა წლის ბოლომდე ვერ აითვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი. კერძოდ, წლის ბოლომდე ვერ დაიხარჯა ფერდსამაგრი სამუშაოებისათვის და წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები. აღნიშნული ღონისძიებები დაიგეგმა 2019 წელს.

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 714.9 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 708.1 ათასი ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2018 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) მხოლოდ 247.2 ათასი ლარი შეადგინა და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი 467.7 ათასი ლარი, საიდანაც 420.0 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია. აღნიშნული თანხა, წლის განმავლობაში, ჭარბი შემოსავლების (საგადასახადო და სხვა შემოსავლების ნაწილში) და სატენდერო ეკონომიის შედეგად წარმოიქმნა.
აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა დაგეგმა თავისუფალი ნაშთის გამოყენება, სრულად ვერ უზრუნველყო თანხის ათვისება, მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას. მერიამ ვერ უზრუნველყო ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ამ პრობლემების მოსაგვარებლად. აღნიშნული მიანიშნებს მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე.

„2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ არის განსაზღვრული მიზნები, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის/შეფასების ინდიკატორები. აღნიშნული გარემოება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ მართვას, კონტროლსა და შეფასებას იმასთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა თუ არა პროგრამის მიზნები და განხორციელდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა პროდუქტიულად და ეფექტიანად,“ – აცხადებს აუდიტი.