საკრებულოს ბრალდებული წევრი ილია ჯიშკარიანი 6 თებერვლიდან ბიუროში მისვლას და სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილია ორკოდაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ილია ჯიშკარიანს იმ პირებთან, რომლებიც საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში იყვნენ, კომუნიკაცია ჰქონდა აკრძალული. აღნიშნული პირები სასამართლოში უკვე დაიკითხნენ, რის გამოც, სასამართლომ წინა განჩინება გააუქმა.
„დღეს გაუქმდა ნაწილობრივ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც ილია ჯიშკარიანს ეკრძალებოდა საკუთარ ბიუროში დასაქმებულ პირებთან ურთიერთობა. დაკითხულია სამივე მოწმე, შესაბამისად, ილია ჯიშკარიანი ხვალიდან შეძლებს ბიუროში მისვლას და თავისი შრომითი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად აღდგენას“, – განაცხადა ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა თამთა თოდაძის პიროვნებასთან დაკავშირებითაც.
„ერთი ადამიანიც არ მოვა, რომელიც იტყვის, რომ თამთა თოდაძეს იცნობს და ის ნორმალური, დალაგებული, ზრდილობიანი, ადეკვატური და ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და მას არ სურს იყოს ძალიან ცნობადი. რაც ილია ჯიშკარიანის მიმართ გააკეთა, ანალოგიური გააკეთა სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც, ანალოგიურს აკეთებდა ყოველდღიურად ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომლებთანაც მას რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
ბრალდებას თამთა თოდძის ადვოკატი პასუხობს.
თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა? ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებეს აძლევენ მოწმეები, – ამის შესახებ ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმეზე დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის აღნიშნულით დღეს სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თამთა თოდაძეს არაჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდა.
„რა შეფასება უნდა გავაკეთო იმ მოწმის ჩვენებაზე, რომელიც საუბრობს თითქოს, ალკოჰოლის მიღების ქალის და მამაკაცის დოზა არსებობს. ეს მოწმე არ არის სანდო, რადგან მან თავადაც ახსენა, რომ ძალიან დიდი ხანია იცნობს ილია ჯიშკარიანს და მასთან ურთიერთობა აქვს. მისი სამსახური, შემოსავალი პირდაპირ ბმაშია ილია ჯიშკარიანის თავისუფლებასთან. შესაბამისად, ის მისცემს იმ ჩვენებას, რომელიც ილია ჯიშკარიანისდაცვის მხარეს აწყობს”, – განაცხადა ლუკავამ.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.
თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.