მოსამართლის გადაწყვეტილებით, ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებული პროცესი ღია იქნება

922

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის გადაწყვეტილებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულის, საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში ჩატარდება.

სხდომა მოსამართლემ სწორედ ამ კითხვით გახსნა – რა პოზიცია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ბრალდებისა და დაცვის მხარეებს.

ორივე მხარემ განმარტა, რომ ისინი მომხრეები არიან, სასამართლო სხდომები ღია იყოს. ამის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომა არ დაიხურება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.