გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა

646

ახალციხეში გადათხრილი ქუჩები აღარ უკვირთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში სასმელი წყლის მილი არაერთხელ დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია აღდგენას ვერ ასწრებს, – ამის შსახებ ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს.

ქალაქში გავლისას ამოთხრილ ორმოებს და ამკრძალავ ნიშნებს ხშირად შეხვდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე წყლის მილი დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ატარებს, თუმცა ხშირად იმ ორმოების ამოვსებას მალევე ვერ ასწრებს და დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

ერთ-ერთი ასეთი ორმო კოსტავას ქუჩაზე, პირდაპირ ტროტუარზეა. აქ ფეხით სავალ ბილიკზე ორმო უკვე ორ კვირაზე მეტია რაც არსებობს და გამვლელებს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაური ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ძველი ავზები, ახალი 1 000 ლიტრიანით შეიცვალა, წყლის ძველი სისტემა წნევას ვერ უძლებს და ავარიები ხშირად ხდება. ეს დაზიანებები კი ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზეა.
„ვიცი რომ კოსტავაზე დიდი ხანია ამოთხრილია მაგრამ რა ვქნათ. დაზიანება, რომ ვიპოვოთ კიდევ უნდა ამოვთხაროთ, გარდა ამისა, როცა უფრო სერიოზული პრობლემა ჩნდება სამუშაოს მიტოვება და სხვაზე გადართვა გვიწევს ხოლმე “, – ამბობს გოგოლაური.

მისივე თქმით, ქალაქში პრობლემური ქუჩა ბევრია, თუმცა ყველაზე ხშირად გამსახურდიასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე უწევთ დაზიანების შეკეთება. აქ ხშირად მიწიდან წყალი ამოდის, რაც იმას ნიშნავს რომ მილი კვლავ დაზიანდა.

„მთლიან ქალაქშია ქსელი გამოსაცვლელი, არის წინა საუკუნეში ჩადებული მილები, ვერ უძლებენ წყლის წნევას და სკდება. ქალაქის სისტემას ნამდვილად სჭირდება მთლიანი რეაბილიტაცია“, – ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, ახალციხეში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე დასახლებაშია, ზარზმელზე, საბარგო სადგურსა და რაბათში: „დანარჩენ ქუჩებს ახალი ქსელი სჭირდება. არის წყლის დანაკარგიც“.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ახალი წყალანირებისა და სასმელი წყლის სისტემების გაკეთება იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია.

„2020 წელს მომზადდება პროექტი რათა ქსელი გამოიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვიცით ამას კომპანია მოამზადებს თუ ვინმეს დავიქირავებთ. წელს დაპროექტების წელია“, – ამბობს წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.

ახალციხეში, 29 ქუჩა სასმელი წყლით ახლადაშენებული რეზერვუარებიდან 2019 წლის ცხრა დეკემბრიდან მარაგდება.