ბაღდათის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საპროექტო წინადადებების განხილვა დაიწყო

802

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში დღეიდან საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, 3 თებერვალს, სოფელ დიმში, საიმედოსა და ვარციხეში გაიმართა.

სოფელ დიმის მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარეგანათებების მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 20 000ლარი გამოიყოფა. სოფელ საიმედოს მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ვარციხეში მოსახლეობის ინიციატივით კი გარე განათების ლამპიონები განთავსდება და სამუშაოები პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარით დაფინანსდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

საერთო კრებები 5 თებერვალს დასრულდება.