ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ცხრამუხაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ბიბლიოთეკა შენდება. სპროექტისთვის 23 765 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება და სოფელ ცხრამუხის მოსახლეობას ახალი ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცხრამუხელი პატარებისთვის აქვე, სკვერში მიმდინარეობს ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
სოფელ ალში, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საბავშვო ბაღის სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 212 976 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება სოფელ ალში გზის მოასფალტების სამუშაოებიც. 399 000 ლარის ღირებულების პროექტის დასრულება სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, რაც სოფელ ალის მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ბეტონის გზისა და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს სოფელ წაღვლში. პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მიღებული თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 295032 ლარია, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელი წაღვლისთვის, რადგან გარდა მაღალმთიანი სოფლის სტატუსისა, წაღვლი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფელიც არის.
რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს ასევე ხაშურში, მინის ტარის დასახლებაში N8 საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 538 965 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.