ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ “ოცნების” დეპუტატებს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

1074

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.

“აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ თავს ვიცავთ”,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.

ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში – ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.