ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის საქმეზე ლევან ხაბეიშვილი შსს-ში დაიბარეს

781

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის პარალელურად, საგამოძიებო უწყებაში თავად ხაბეიშვილიც დაიბარეს. საქმე ეხება 24 იანვარს ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტს.

ლევან ხაბეიშვილი უკვე შევიდა პოლიციის შენობაში, მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ გამორიცხავს, მასაც წაუყენონ ბრალი.

“24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს, 31 იანვარს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში – ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა. ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბრალი მისთვის წარედგინათ და დაებრალებინათ “ამ ტურების, სვავების და ლაჩრების ცემა”.