თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ცემის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ის, რასაც საგამოძიებო უწყება აკეთებს “უხერხულია”, რადგან თავს თავად მას დაესხნენ.
“ვულოცავ კახა კალაძეს, შედეგს მაინც მიაღწია ძალოვანი უწყებების დახმარებით“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილება დატოვა.
მისი თქმით, პოლიცია, რომელშიც ის იმყოფებოდა, ცირკს ჰგავს.
„გამოძიება ამბობს, რომ მე და ირაკლი ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. საზოგადოებამ თავად განსაჯოს რამდენად ნორმალურია ის პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო და მეტიც, ზარქუას, ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, ამ “ჩმორს”, დაავალეს და გამოაქციეს მას შემდეგ, რაც ჩემი ექსპერტიზა დაიდო და ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდათ. ეს ჩმორუკა მოარბენინეს აქ და დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემა და თვალი დამილურჯაო. ვივარაუდე, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ, მითუმეტეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა კალაძე, გომელაური და ძალოვანი უწყებები.
არ ვიცი, აღკვეთის ღონისძიების სახით რას მოითხოვს პროკურატურა, მაგრამ უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სასტიკ დამრბევად გამომაცხადონ, კონკრეტულად კი “ჩმორი” ირაკლი ზარქუასი და მერე ამბობენ, პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენაო და ამიტომ პასუხი გავეცითო. ნონსენსია რასაც აკეთებენ, თავს დამესხნენ ლაჩრულად და თურმე კიდევ მე ვცემე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში – ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.