ხაბეიშვილი: ხელით, ფეხით, ყველაფრით მირტყამდნენ და ახლა წკმუტუნებენ, ხაბეიშვილმა გვცემაო… არ გამოვრიცხავ, რომ საქმე აქეთ შემითითხნონ

816

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მე მეტი საქმე მაქვს, ვიდრე სხდომაზე პეპლებზე საუბარია,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული კომისიის სხდომა დატოვა.

ხაბეიშვილის თქმით, მეტი საქმე გამოიხატება იმაში, რომ ის აგროვებს კონკრეტულ დოკუმენტებს, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის შესახებ.

„ვაგროვებ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რომელიც კიდევ ერთელ ამხელს მათ კორუფციაში, რასაც საზოგადოება უახლოეს დღეებში დოკუმენტალურად და ფაქტებით იხილავს, თუ როგორ ძარცვავენ ისინი თბილისელებს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საკრებულოში მასსა და „ქართული ოცნების” წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და აღნიშნა, რომ გაჩუმებას არ აპირებს.

„მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ამ საქმიდან საბოლოო ჯამში მე გამოვიდოდი დამნაშავე. დაფრინავდნენ ლამის, ფეხით, ხელით, კისრით, ყველაფრით მიტყამდნენ და ახლა დგანან, ტირიან და წკმუტუნებენ, ხაბეიშვილმა გვცემა, ჩვენ კი არაო. ზარქუა ორი დღეა ყვება, გვერდები მტკივა, ვერ ავდექი ლოგინიდანო და მართლა არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე საქმე აქეთ შეთითხნონ და აღძრან. ჩემი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად მე გაჩუმებას არ ვაპირებ. სტრატეგიულად ძალიან ცუდად მუშაობენ, როდესაც თვალში მიმიზნებენ. ვურჩევ, იმუშავონ ძირითადად ენაზე და არა თვალზე და ხელზე იმიტომ, რომ არაფერი გამოვა. ის, რომ ერთი კვირის წინ თვალში მითავაზეს, არ ნიშნავს იმას, რომ ან ვერ ვლაპარაკობ, ან ვერ ვმეტყველებ”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს. ხაბეიშვილმს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდა. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.