მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა მომზადდა. ადიგენის საკრებულოს დასრულებული ვერსია უკვე გადაუგზავნეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კურორტის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმა, ტენდერში გამარჯვებულმა შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“, 238 000 ლარად მოამზადა. კომპანია მასზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. თანხა საქართველოს მთავრობამ გამოყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, იმედა მღებრიშვილის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს გეგმა უკან, შენიშვნებით დაუბრუნეს, ჩასწორებულ ვერსიაზე კი ჯერ კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელებენ, ბოლოს საკრებულოზე დასამტკიცებლად გაიტანენ.
„შეიძლება რიგგარეშე საკრებულოს სხდომა ჩავნიშნოთ, თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში გავიტანთ დასამტკიცებლად“, – ამბობს იმედა მღებრიშვილი.