ფოთში, თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.
მოვაჭრეების განცხადებით, შეთანხმება არ შედგა. მოვაჭრეთა განცხადებით, ვიდრე მერია მათთვის მისაღებ ალტერნატიულ ფართს არ გამოყოფს, ობიექტს სადაც ისინი თევზის რეალიზაციას ახორციელებდნენ, არ დატოვებენ.
„ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას, რათა გამოგვიყონ ჩვენთვის მისაღები ფართი. ობიექტს, სადაც ვაჭრობას ვახორციელებდით უნდა დაანგრიონ, ელექტროენერგია გათიშეს. თევზი გვილპება. პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა თევზის რეალიზატორმა ნარგიზა გვასალიამ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თევზის მოვაჭრეებთან მოლაპარაკეებს გააგრძელებენ.
„რადგან ამ პიროვნებებს ბაზრის ტერიტორიაზე უნდათ საქმიანობა, ჩვენ შევეცდებით, შპს-ების მეპატრონეებთან საუბარს, რათა შეთანხმებას, თუნდაც დროებით მივაღწიოთ. ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო ბიზნესმენს დააკლოს იჯარის საფასურს ან უფასოდ შეუშვან მოვაჭრეები. ამიტომ, ჩვენ გვინდა, კეთილი ნებით ეს ხალხი გამოვიყვანოთ დროებით მაინც, ვიდრე თევზის ბაზრობის ტერიტორია არ მოწესრიგდება, რაც რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხდება“, – განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ შონიამ.
ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე თევზის ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები თევზის ბაზრის გაუქმებას აპროტესტებენ.
ხელისუფლებს წარმომადგენლებთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ თევზის რეალიზატორებმა აქცია კვლავ განაახლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„არ დავტოვებთ ამ ადგილს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ან მოგვცენ ალტერნატიული, ჩვენთვის შესაფერისი ნორმალური ადგილი, ან დაგვტოვონ ჩვენს ადგილზე. არ დავიშლებით. ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – აცხადებს თევზის ერთ-ერთი რეალიზატორი, ნარგიზა გვასალია.