საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელ სახლს აშენებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლებში იცხოვრებენ.
პროექტი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. კერძოდ, დამონტაჟდება გარეგანათება და ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. ამასთან, თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. ჯამში, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.