ჯანდაცვის მინისტრი: 2020 წელს დევნილებისთვის ქუთაისში 725, წყალტუბოში კი, 560 ბინის განაწილება იგეგმება

1473

2020 წელს დევნილებისთვის ქუთაისში 725, წყალტუბოში კი, 560 ბინის განაწილება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელმაც ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

მინისტრის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისთვისაც იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პირველ რიგში ბინით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა.

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ასევე მოინახულა აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. მინისტრი ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე და სამტრედიაში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მათ საარსებო წყაროების გაჩენაში ხელს შეუწყობს. ეს შეეხება როგორც მცირე ბიზნესში ხელშეწყობას, ისე გადამზადებას და პროფესიული განათლების დაფინანსებას.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამებით 3000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

​დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომავალშიც გაგრძელდება.