ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში წყალსადენის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი დაბა ახალდაბის სათავე ნაგებობების სრულ აღდგენა-მშენებლობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ობიექტზე დამონტაჟდება ახალი ულტრა ფილტრაციის დანადგარი წარმადობით 60მ3/სთ. საფილტრი მოწყობილობა უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალურ გაწმენდას.
„პროექტი მოცულობით სამუშაოებს გულისხმობს, რომლისთვისაც 685 232 ლარი გაიხარჯება. საფილტრი სადგურის გარდა №1 და №2 სალექარებზე განხორციელდება კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყობა ახალი ტიხრები, ჩასასვლელი კიბეები, ჭის სახურავები და ურდულები. რემონტდება არსებული საყარაულო ჯიხური, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს, მოხდება საშიბერო კამერის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა. ქსელის რიგ უბნებში ახალი მილები და კვანძის ჭებში ახალი ურდულები დამონტაჟდება. მოხდება ასევე მდინარე მტკვარის გადაკვეთა მცირე დიამეტრის მილით მდინარის მეორე მხარეს მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის.
დაბა ახალდაბის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში გაუფილტრავი წყლით მარაგდებოდა სამუშაოების დასრულების შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უმაღლესი ხარისხის გაფილტრულ წყალს მიიღებს. ახალი სათავე ნაგებობა დაბა ახალდაბის 2400 მცხოვრებისათვის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
პწყარო: ინტერპრესნიუსი