ახალციხეში, სოფელ კლდეში ე.წ ქვედა უბნის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანზე წყალი სამ დღეში ერთხელ, ხუთი წუთით მოდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ოთხი შვილის დედა, ლელა დიასამიძე სასმელ წყალს ყოველდღიურად სოფლის ცენტრიდან ურიკით ეზიდება. წყარო მისი სახლიდან ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული.
„სექტემბრის შემდეგ უწყლოდ ვართ. აქამდე კი ცოტა მაინც მოდიოდა. ძალიან რთულია, შვილებს ხომ უნდა მივხედო?! დავბანო, ტანსაცმელი დავრეცხო. ბავშვებთან ერთად ვეზიდები წყალს. იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს“, – ამბობს ლელა და ამატებს, რომ ზოგჯერ წყალი სოფელში მდებარე საბავშვო ბაღშიც არ არის – „იყო შემთხვევა ბავშვი წავიყვანე ბაღში, მაგრამ წყალი არ ჰქონდათ, ამიტომ უკან წამოვიყვანე“.
ლელა წყლის მოსატანად ურიკას მეზობლისგან, მირიან კურტანიძისგან თხოულობს. წყალი არც კურტანიძეებთან მოდის.
„პენსიონერი კაცი ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და იძულებული ვარ რომ წყალი ვზიდო ტაჩკით, წყლის უნახავები გავხდით. რამდენიმე დღეში ერთხელ მოდის და ისიც ცოტა ხნით. თუ მეზობელმა მალევე არ დაკეტა ჩვენ ავსებას ვერ ვასწრებთ“, – ამბობს კურტანიძე.
მერიის წარმომადგენელი სოფელ კლდეში, დავით პაპუაშვილი ამბობს, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის, მუნიციპალიტეტი კი ცდილობს პრობლემა მოაგვაროს. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფლის 30 პროცენტს აქვს.
„პრობლემა ისაა რომ წყლის დებეტი არ გვაქვს, ვმუშაობთ მაგაზე. სოფლის სადღაც 30 პროცენტს წყლის მარაგი არ აქვს ანუ საერთოდ რომ არ მიდის. ზედა და ქვედა უბანს საერთო ავზი აქვს, თუმცა ცალკე ხაზები. ვინც პირველი ცხოვრობს მასთან კარგად მიდის წყალი, მეორესთან ნაკლები, ვინც ბოლოშია იმასთან საერთოდ არ მიდის“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კლდეში სასმელი წყალი ქსელში არის, მაგრამ თანაბრად არ ნაწილდება ყველა ოჯახში: „მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი, რომლის პროექტირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდეგ აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა“.
როდის დაიწყება ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები და რამდენი ლარი იქნება განსაზღვრული უცნობია. ამ კითხვებზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.