“დათვის ტბა” , “ბოგა” – ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ

1000

ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძის თქმით, მუნიციპალიტეტში არაერთი საინტერესო ადგილია, რომელიც ტურისტებს დააინტერესებთ. ასეთი ადგილებია მაგალითად “დათვის ტბა” და “ბოგა”. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

“ჩვენ ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, რათა მეტი ახალი ადგილები შევთავაზოთ ტურისტულ ნაკადებს. 2019 წელს 90 ათასი ვიზიტორი იყო ჩვენს ტურისტულ ლოკაცებზე. ვიმედოვნებთ, რომ 2020 წელს ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება. ოკაცეს კანიონთან გვინდა გაკეთდეს დაკიდებული ხიდი. ეს ცოტა ექსტრემალური იქნება. ამ ხიდის საშუალებით ტურისტი შეძლებს ჩავიდეს ,,დათვის ტბაზე”, ,,ბოგაზე”. აქ ჩასასვლელების მოწყობაზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 2020 წლისათვის ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები დაიწყება.” – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებიდან ოკაცეს კანიონი ყველაზე პოპულარულია. კანიონის სიგრძე ორი კილომეტრია. სიგანე ზოგან 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და ტბაა, მათ შორის ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი.