მოწერელია: საუბარი იმაზე, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას არ აპირებს, უსაფუძვლოა

552

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, „ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე არავინ დაობს”.

როგორც მოწერელიამ bm.ge-ის განუცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ – მთლიანად ქვეყნისთვის.

„ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე არავინ დაობს. ანაკლიის კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამ საკითხზე ზედმეტი სპეკულირება საჭირო არ არის. ანაკლიის პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო და სახელმწიფომ უკვე დიდი თანხის ინვესტირება მოახდინა, მათ შორის, გამოისყიდა მიწები. სულ დაახლოებით, 100 მლნ დოლარის თანხის ინვესტიცია არის უკვე განხორციელებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ დრო გაჰყავს ხელისუფლებას და სინამდვილეში პროექტის განხორციელებას არ აპირებს – უსაფუძვლოა. საკითხი არის მარტივად – საქართველოში ტვირთბრუნვა მომატებულია, ხვალ და ზეგ არის ასევე რეალური მოცემულობა, რომ კიდევ გაიზრდება, რაც შეგვიძლია ფოთის პორტის მაგალითზე ვნახოთ; შესაბამისად, პროექტის განხორციელება აუცილებელია“, – განაცხადა მოწერელიამ.

რაც შეეხება საუბარს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უფრო განვითარებულმა ფოთის პორტმა ჩაანაცვლოს, მოწერელია მიიჩნევს, რომ ასე ვერ მოხდება, რადგან ფოთის პორტს კონკრეტული მონაცემები აქვს.

„ფოთის პორტს აქვს კონკრეტული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ჩანაცვლებაზე საუბარი ალბათ უფრო სპეცვიალისტებს შეუძლიათ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, აქ ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. საუბარი არის მხოლოდ განვითარებაზე, მომსახურეობაზე იმ ტვირთის, რომელიც რეალურად შეიძლება ფოთის პორტმა ვერ გაატაროს. ფოთის პორტი საკმაოდ სპეციფიურია და მისი შესასვლელი მუდმივად იწმინდება რიონის დიდი შენატანის გამო, ხოლო ანაკლიაში ეს პრობლემა არ გვიდგას. ანაკლიის პორტი არის ღრმაწყლოვანი, რომელიც მოემსახურება სხვა ტონაჟობის გემებს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ფოთს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახორციელებდა, თუმცა სახელმწიფომ ვალდებულებების ვერშესრულების მიზეზით, კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამავე დროს, მთავრობა პირობას დებს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდება.