„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

578

წინა სტატია

სტატიის გაგრძელებ

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს. ამის შესახებ კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. სამწუხაროდ, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.  ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა და სახელმწიფო მიწების დაბრუნება მოუწევს.  გარდა ამისა, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს.

“თიბისი ბანკისა“ და პარტია “ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით კი, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ყველა ვალდებულება შესრულებული იყო და ისინი დავას სასამართლოში გააგრძელებენ.