ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, მათ მიერვე ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ასე იმართლა მან თავი ახალგორის მოსახლეობასთან, რომელმაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.
ბიბილოვი ამტკიცებდა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების “პროვოკაციული ქმედებების” შედეგია, რადგან თითქოსდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნეს საგუშაგო. ბიბილოვის განცხადებებს კრიტიკა მოყვა და მოსახლეობის ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შემდეგ განცხადება ბიბილოვის პრესსამსახურმაც გაავრცელა, სადაც ბიბილოვი ანმტკიცებს, რომ “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას არ ჰქონდა განზრახული შეეჩერებინა „სასაზღვრო პუნქტების მუშაობა“ მანამ, ვიდრე „საქართველო არ შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და ააშენა არალეგალური შეირაღებული პუნქტი სოფელ უისტის მიმდებარედ“.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია. როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას ეხება. როგორც პრეზიდენტს, მე არ შემიძლია გავყო ერთი ქვეყნის ადამიანები. თუ მტრული ქმედებები ეხება ერთი რეგიონის მცხოვრებლებს, ის ეხება ყველას. ჩვენ გვაქვს საერთო პოლიტიკა. არ შეიძლება ისე იყოს, რომ ლენინგორის მკვიდრთა ფასეულობები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყოს კონცენტრირებული, მაშინ, როდესაც წნელისის მოსახლეობა ამ ქართულ პოსტთან იარაღის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ ერთი ერი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ მტრის წინააღმდეგ“,- განაცხადა ბიბილოვმა.
ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დეფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა.
ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დეფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ “ჰუმანიტარულ ოპერაციას” დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში კრიზისი გამოიწვია.