“მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხინვალის რეჟიმის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობენ.
დღეს ცხინვალის რეჟიმმა თქვა, რომ ქართული მხარე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს.
“მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – აცხადებენ სუსში.
ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმი თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. ე.წ. „უშიშროების სამსახურის“ პრესმდივნის, ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, ატოცთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა შემაშფოთებელია, რადგანაც შექმნილი ვითარება შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ქმნის.
19 ოქტომბერს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. შს მინისტრმა გომელაურმა კი თქვა, რომ ატოცში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.