სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში თევზის სუნის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს სამართლიანი უწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პრობლემა კომპლექსურია და მოსახლეობის მოთხოვნები ისე უნდა დაკმაყოფილდეს, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი, თუმცა ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ეს დარგი, თევზჭერა, თევზის გადამუშავება, სადაც დასაქმებულია უამრავი ადამინი, ასევე მნიშვნელოვანი თანხა შედის ბიუჯეტში. ამ პრობლემას სჭირდება მოწესრიგება. ჩვენ ვმუშაობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, გარემოს ზედამხედველობის სამმართველოსთან ერთად, რომ მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი და არ შეწუხდეს მოსახლეობა. საკითხი არის კომპლექსური. ეს უკავშირდება როგორც თევზჭერას, ასევე მის ტრანსპორტირებას, შენახვას და შემდეგ გადამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქაფშია არის წელს. შესაბამისად, გადამამაუშავებელმა სიმძლავრეებმა ვერ უზრუნველყო მოპოვებული ქაფშიის გადამუშავება, რამაც ნედლეულის გაფუჭება გამოიწვია და პრობლემა, რომელიც იყო წლების განმავლობაში, უფრო გამწვავდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გუბერნატორმა.
მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად შექმნილია სამუშაო ჯგუფი.
ფოთში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეებმა რომლებიც ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებდენ, გზა გადაკეტეს.
„ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.