ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები. ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ფოთში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ სუნი თევზის ქარხნების დაუდევრობით ვრცელდება. საინიციატივო ჯგუფის წევრების აცხადებენ, რომ ვიდრე ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნის პრობლემა არ მოიხსნება, გააგრძელებენ ნავმისადგომთან მორიგეობას და ქაფშიით დატვირთულ მანქანებს არ გაატარებენ ქარხნებამდე.
„არ გავუშვებთ ქაფშიით დატვირთულ არც ერთ მანქანას. მთელი ღამე აქ ვიყავით, აქ ვრჩებით. არ დავტოვებთ ამ ადგილს. ფოთელები იმსახურებენ სუფთა ჰაერს. გუშინ, ფოთში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრი, გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები. საკითხი დაიძრა. ჩვენ ველოდებით შედეგებს და გაჩერებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.
ფოთის მერიის სააქტო დარბაზში 25 დეკემბერს ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დიალოგში ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება. ამასთან, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.