ადვოკატს რომ ვუსმენ, ილია ჯიშკარიანს დაცვის უფლება დარღვეული აქვს, – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა განაცხადა. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
ამაზე ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა უპასუხა, რომ ჯიშკარიანს კომპეტენტური იურიდიული განათლების მქონდე ადვოკატი იცავს.
„თქვენი მითითებები საჭირო არ არის, კოლეგიალობის ზღვარს ნუ გადახვალთ“, – მიმართა ადვოკატმა პროკურორს.
ბრალდების განცხადებით, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად არ უნდა სცნოს, ვინაიდან ის კანონდარღვევით მოპოვებულია.
“დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა როცა მოვითხოვეთ, ეს შინაარსის გამო არ განხორციელებულა. მტკიცებულებები ადვოკატის მიერ კანონის დარღვევით იყო მოპოვებული, 22 პუნქტად იქნა მტკიცებულებები დაუშვებლად ცნობილი”, – განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.