ზუგდიდის მერიამ პროექტ სოციალური სახლების და „ერთი თბილი ოთახის“ განხორციელება წელს ვერ მოასწრო

1504

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განცხადებით, სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული ყველა სახლის მშენებლობა, ასევე „ერთი თბილი ოთახის“ მოწყობა 2019 წელს ვერ მოესწრო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ნინო სხულუხიას განცხადებით, პროცესს მერის რიგგარეშე არჩევნებმა შეუშალა ხელი, რადგან გადავადდა განცხადებების მიღება.

„შესაბამისად დასრულების ვადამაც ერთი თვით გადაიწია. რამდენიმეს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა 26-ივე ვერა… მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია, უბრალოდ ამ ყველაფერს ხელი არჩევნებმა შეუშალა“, – განაცხადა მან საკრებულოში სადაც დეპუტატები წლის ანგარიშს ისმენენ.

ნინო სხულუხიამ არჩევნების პარალელურად დაგვიანების მიზეზად სატენდერო პროცედურები დაასახელა. ამასთან მერიის წარმომადგენელმა „ლაივპრესს“ დამატებით უთხრა, რომ „ერთ თბილ ოთახთან“ დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა და ვერ შედგა. ახლა კი, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესი დააჩქარეს.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს „ერთი თბილი ოთახი“ 2017 წლიდან ახორციელებს. პროექტი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს სოციალური სახლის მშენებლობის პროექტიც.