ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 20 დეკემბერს გაიმართება.
საქმეს განიხილავს “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.
ცხინვალი რეჟიმი ქართველ ექიმს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს
მას დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.