ქუთაისში ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის მიზნით გაერთიანდნენ. უფლებადამცველები ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ და ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მათ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
“ადვოკატის და ექიმის პროფესიას ერთი საერთო აქვს, ჰუმანური პრინციპების დაცვა. ექიმი ომშიც ხელშეუხებელია და ამიტომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი. მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და მოითხოვენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აღიარებას. ამის აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას ნიშნავს. ვუცხადებთ სოლიდარობას ვაჟა ექიმს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვთხოვთ”, – განაცხადეს ადვოკატებმა.
მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია თბილისშიც იმართება.
ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ. ის რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს.
ცხინვალი რეჟიმი ქართველ ექიმს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს
მას დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.