ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რადიო თავისუფლება ადგენს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ.
ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ. ის რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს.
ცხინვალი რეჟიმი ქართველ ექიმს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს
მას დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.