გიორგი ტყემალაძე: აქციის მონაწილეების მიზანი არეულობაა

592

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოში დღევანდელი აქციის მონაწილეების სურვილი სამუშაო ვითარებაში საუბარი არ იყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“დილიდან გამოვყავით ოთახი, თუ ჰქონდათ სამუშაო ვითარებაში შეხვედრის სურვილი, მზად ვიყავით, ამის ორგანიზება გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ ვნახეთ, რა იყო მათი მიზანი, მათ უნდათ მოაწყონ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები, არეულობები. ადამიანები შეიჭრნენ ერეკლე კუხიანიძის ოთახში. ერთია, რომ არ იყო ერეკლე კუხიანიძის მხრიდან სწორი განცხადება, არ ვიზიარებ, მაგრამ ძალადობრივი განცხადებები, ძალადობა ყველა მხრიდან მიუღებელია. ერეკლე კუხიანიძის ოთახში შევიდნენ, სადაც კარვების გაშლა დაიწყეს“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისვე თქმით, სადაც ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. ტყემალაძის განმარტებით, როგორც უმრავლესობის სხვა წევრები, თავადაც ემიჯნება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კუხიანიძის განცხადებას, თუმცა უნდა დატოვოს თუ არა კუხიანიძემ თბილისის საკრებულო, ამ კონკრეტულ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან საკრებულოს სხდომამდე თავს იკავებს.

დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და კუხიანიძის გადადგომა მოითხოვეს. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” დღეს იმსჯელებდა, თუმცა, მმართველ პარტიას საკრებულოში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. თავად კუხიანიძემ გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.