ახალქალაქის სერვისცენტრში არასაკმარისი მანქანების გამო, 70–მდე ნაგვის კონტეინერი წელიწადზე მეტია დასაწყობებული აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი, არმენ ბიჩახჩიანი ახალქალაქის მერიას, ნაგავმზიდი მანქანების შესაძენად თანხის გამოყოფას სთხოვს. მისი თქმით, სოფლებში ნაგვის ურნებს ვერ დგამენ, რადგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად საკმარისი მანქანები არ ჰყავთ.
„სერვისცენტრში გვაქვს 70 ახალი ურნა. ეს კონტეინერები უნდა განთავსდეს მოასფალტებულ სოფლებში, მაგრამ ამისთვის მინიმუმ ორი მანქანა გვჭირდება”,– ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
მისი თქმით, სერვისცენტრს სულ ხუთი მანქანა ჰყავს, აქედან ორი მოძველებულია.
„თუ ნაგვის კონტეინერები გათვალისწინებულია მოასფალტებული სოფლებისთვის, მაშინ ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მანქანებიც. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 344 კონტეინერი დგას. ურნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მანქანები იგივეა, ვეღარ ვასწრებთ მომსახურებას“, – ამბობს ბიჩახჩიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იური უნანიანის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტში ნაგავმზიდების შეძენისთვის თანხას ვერ გაითვალისწინებენ.
„ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ გვაქვს. ორი წლის წინ, სამი ნაგავმზიდი შევიძინეთ კრედიტით და ამის თანხას ვიხდით, თითო მანქანის შესაძენად 100 000 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტმა ამისთვის 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო”, – ამბობს იური უნანიანი.
ახალქალაქის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ 64 სოფლიდან ნაგვის ურნები რვა სოფელში დგას.