ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ გააკრიტიკა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მისი თქმით, როცა მერიის წარმომადგენლები გადიან სოფლებში შეხვედრებზე, ამ რაიმე ღონისძიებაა, ხშირად არ ხდება სოფლის მაჟორიტარების ინფორმირება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ბესიკ ჭეჟიამ ამ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა მერიის წარმომადგენლებს, რომლებიც ანგარიშის მოსმენას ესწრებიან საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ერთ-ერთმა მათგანმა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა, ლორა ქობალიამ საპასუხოდ განმარტა, რომ ინფორმირება ხდება დაგეგმილი აქტივობების დროს. იმ შემთხვევაში კი, როცა სპონტანურად უწევთ გასვლა, ორიენტირებულნი არიან, რომ მზად, ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილნი თავად გავიდნენ ადგილზე. მისი განმარტებით, ასეთ დროს ხშირად ვერ ახერხებენ ინფორმირებას.
თავის მხრივ ბესიკ ჭეჟიას დაეთანხმა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა. თქვა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ შენიშვნას. მისი განმარტებით, სოფლებში მერის წარმომადგენლების მიერ მოხდება მაჟორიტარების ინფორმირება.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ასევე ურჩია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით გამომავალ გაზეთში სადაც მხოლოდ მერიის საქმიანობებზე იწერება, საკრებულოს აქტივობებზეც შევიდეს ინფორმაცია.
ლორა ქობალიას თქმით, საკრებულოს პრესსამსახურთან ექნებათ კომუნიკაცია და მან განსაზღვროს, თუ რა აქტივობები გაშუქდეს გაზეთით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის ა(ა)იპ-ებისგან, შპს-ებისგან და სამსახურებისგან ეტაპობრივად ისმენს ანგარიშებს წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ.