ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ფლანგავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარია 2018 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან, დასკვნაში 15 პუნქტია გამოყოფილი, რომელიც ქონების უკანონო განკარგვას და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას ეხება. დასკვნაში საუბარია 2018 წლის ქობულეთის ბიუჯეტზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოდაა მიღებული, დაუსრულებელია და უხარისხოდაა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქობულეთის მერი არის დამნაშავე. მის უწყებაში მილიონობით ლარს ფლანგავენ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს მთავრობის თავმჯდომარეს, შეეშვან ოპოზიციის დევნას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.