მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან ორშაბათს გამართული ჩხუბის დროს, ტელეკამერებმა გორის სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პურიჭამიაშვილი დააფიქსირეს. ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ხუნდაძის ოფისთან მოძრაობა ,,გაბედეს” წევრები აქციას მართავდნენ, რა დროსაც მათთან დეპუტატის მხარდამჭერები მივიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი პურიჭამიაშვილი აცხადებს, რომ ის შემთხვევით აღმოჩდნა ინციდენტის ადგილზე:
“მცხეთაში ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სპორტსმენთან, რომელიც მცხეთის საკრებულოში მუშაობს. სწორედ, ამ დროს აღმოვჩნდი იმ ტერიტორიაზე, რაზეც საუბრობთ. ჩვეულებრივი ვიზიტი მქონდა საქმიანიც და პირადიც” – აცხადებს გიორგი პურიჭამიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს.
შვიდივე მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. შსს-ს თანახმად, ეს შვიდი ადამიანი დაკავებულია დაპირისპირების ორივე მხრიდან.
დაკავებულთა შორის იყვნენ შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი, რომელიც „გაბედეს“ წევრია.