რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, პირველად 22-ნოემბრამდე, შემდეგ კი 2-დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შეიცვალა კალენდარული და თანხობრივი გეგმა-განრიგიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არალი“ აწარმოებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
თავდაპირველი, 21 პუნქტიანი გეგმით, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩებზე საბოლოო სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის მონიშვნით და ახალი, ლითონის მოაჯირების მოწყობით უნდა დასრულებულიყო.
21 ოქტომბერს, ვიდრე ხელშეკრულება პირველად შეიცვლებოდა, მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის გამო, პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდებოდა. დამატებითი სამუშაოების მიზეზად საკანალიზაციო სისტემის პრობლემა დასახელდა. მერიაში ასევე განმარტავდნენ, რომ საცხოვრებელ სახლებთან მიერთებებსაც გათვალისწინებულზე მეტი დრო დასჭირდა, ამიტომ პროექტის ვადამ 22 ნოემბრამდე გადაიწია.
22 ნოემბერს კი სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ხელშეკრულების ახალი ცვლილება აიტვირთა.
პირველი ცვლილებისას 21 პუნქტიან გეგმა-განრიგში არაფერი შეცვლილა, მეორე ჯერზე კი მას სამი ქვეპუნქტი დაემატა.
„დაგვიმატეს რუსთაველის ქუჩაზე, ბაღთან ტროტუარის მოწყობა, ასევე თეატრის მიმდებარედ ფილების მოპირკეთება, რის გამოც კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა პროექტი. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, დარჩა ღრელის ასახვევთან კედლის მოწყობა და მცირე სამუშაოები.“ – ამბობს „არალის“ სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი მანუცელიძე.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები ორ დეკემბრამდე დასრულდება.
რუსთაველი-კეცხოველის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 20 ივნისს დაიწყო. კომპანია „არალს“ 19 046 849 ლარის მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
პარალელურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც სოფელ ღრელის ასახვევიდან ცხრა აპრილის ქუჩის დასაწყისამდეა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება.