პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულდა

1665

დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ თუ იმუშავებს პარალმენტი ან მაშინ, როცა იმუშავებს,- ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში იგეგმება საყოველთაო მასშტაბური აქცია.

“დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, “სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით.

თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ. ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა ამ ამბავში“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა “ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში დაგეგმილი სხდომების მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცენ. ამის გამო დღეს პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ  დაშალა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.