არასამთავრობო ზუგდიდის მერიას სტუდენტების მგზავრობის შერჩევით დაფინანსებას უწუნებს

472

“ახალგაზრდა იუსისტთა ასოციაციის” (საია) ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი სტუდენტების დაფინანსების პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჯემალ ჭკადუამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მიმართა თვითმმართველობის წარმომადგენლებს შესაბამისი კითხვით. მისი თქმით, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით, მერია არ აფინანსებს სხვა სასწავლებლების, კოლეჯის სტუდენტთა შეღავათიანი პირობებით ტრანსპორტირებას:

“მესმის, რომ შოთა მესხიას უნივერსიტეტი აკრედიტირებული უნივერსიტეტია და აქედან გამომდინარე ხდება მისი დაფინანსება. მაგრამ ზუგდიდში არის სხვა კოლეჯებიც, სასწავლებლებიც, რომლებიც არ არიან აკრედიტებულები. სტუდენტების კითხვაა, რამდენმად შესძლებელია, მუნიციპალიტეტმა მათი ტრანსპორტირებაც დააფინანსოს”, – აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.

პასუხად მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, რომ დაფინანსების კუთხით ისინი 2020 წლის დასაწყისიდან ცვლილებებს გეგმავენ. კერძოდ, დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, და შეღავათიანი პირობებით დაფინანსებაში სხვა სექტორებსაც ჩართავენ. გიორგი შენგელია აღიარებს, რომ არის გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი. თუნდაც ის კომპონენტი, რაზეც არასამთავრობო საუბრობს.

“აქ არ არის საუბარი, რომ იმ ნაწილს, რომელზეც თქვენ აქცენტი გააკეთეთ, არ დავაფინანსებთ, ან დავაფინანსებთ. მაგრამ თუ რომელიმე სფეროს ავირჩევთ შეღავათიანი ტრანსპორტით დაფინანსებისთვის, სრულად იქნება მოცული ის სფერო. არ იქნება შერჩევით, რომ ან ერთი მიმართულება დაფინანსდეს, და იგივე სტატუსის მქონე სხვაგან მოღვაწე ადამიანი არ დაფინანსდეს. ეს სქემები წლის ბოლომდე დალაგდება”, – განმარტა გიორგი შენგელიამ.

ჯემალ წკადუა ასევე დაინტერესდა, გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ, გაძვირდება თუ არა მგზავრობის საფასური, მერმა თქვა, რომ არა. მისი განცხადებით, იგივე ტარიფები შენარჩუნდება, თუმცა ადმინისტრირება იქნება უფრო სრულყოფილი.

ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო. დღეს პროექტზე შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იმსჯელეს. ახალი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 43 მილიონი ლარით განისაზღვრა.